რობერტ სტურუას ტრაგიკომედია “დარისპანის
გასაჭირი” თანამედროვე ინტერპრეტაციაა დავით კლდიაშვილის იგივე სახელწოდების
ნაწარმოებისა. მოქმედება გადმოტანილია XXI საუკუნის იმერეთში, სადაც უცველი
რჩება ადამიანთა სოციალური თუ მენტალური პრობლემები. მათი ღირებულებები კიდევ
უფრო მეტად და მძიმედაა გადაფასებული, ვიდრე დარისპანის იმ გასაჭირში, რომელიც
მან პირველად გვიამბო საუკუნის წინ. ახლა კი ხალხის მდგომარეობა თითქოს კიდევ
უფრო რთულადაა, როგორც სულიერად ისე მატერიალურად. სტურუას მიერ ინტერპრეტირებულ
პერსონაჟებში ჩანს, რომ მათ უფრო მეტად მოჰკლებიათ სულიერება და დაუკარგავთ
ღირსება. მათ ახლა სულ სხვა ცრუ ფასეულობები ამოძრავებთ. მათი ღირსებიდან ისევე
როგორც საქართველოს ძველი დიდებიდან მხოლოდ ნაკვალევიღაა დარჩენილი.
პერსონაჟების სულიერ მდგომარეობასთან საინტერესოდაა შერწყმული სპექტაკლის
დეკორაცია. თითოეული დეტალი კარგად გამოხატავს თანამედროვე ქართველი ადამიანის
სახეს, მის მისწრაფებებს, სურვილებს, თვისებებს და მდგომარეობას. სპექტაკლი
საკმაოდ პოლიტიზირებულია. ის იწყება სცენით, სადაც მართა( ნინო კასრაძე) იღებს
შხაპს. იგი უდარდელი და ანგარებიანი ქალის როლში გვევლინება, რომელსაც ნაკლებად
აინტერესებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მის ირგვლივ სუფევს. მართასთვის
მთავარი საკუთარი კეთილდღეობაა. მისდა საბედნიეროდ კი მისი მდგომარეობა
გაცილებით უკეთესია ვიდრე გარშემომყოფებისა. იგი შეძლებულია და სახლში
კომპიუტერიც კი აქვს. მერე რა რომ მას ის არ სჭირდება და არც იცის მისი
გამოყენება. მთავარია რომ სხვების დასანახად და მათი გულების გასახეთქად
თანამედროვე ცხოვრების ეს შეუცვლელი ატრიბუტი მის სახლში მოიძებნება. მაყურებელს
თვალში მოხვდება ხარაჩოები, საღებავები და სხვადასხვა ხელსაწყოები. სცენაზე
რემონტია… ეს სიმბოლოა იმ რეფორმებისა და გადატრიალებებისა, რომელიც ასე
მრავლადაა საქართველოს ისტორიაში. სიმბოლოა იმ განვითარების მცდელობისა, რომელიც
სულ არის ჩვენს სამშობლოში. შესაძლოა ქვეყნის რეკონსტრუქციის გარდა ეს იყოს
სიმბოლო ზოგადად მენტალიტეტის შეცვლისა, რომელსაც ასე საჭიროებს ქართველი
ადამიანი და რომელიც ასეთი რთული და გრძელვადიანი პროცესია. რემონტი იწელება,
რაც უქნარა მუშების დამსახურებაა, რომლებიც დარისპანთან (ზაზა პაპუაშვილი) ერთად
სმასა და გართობას არიან გადაყოლილნი. ეს მუშები ქართველი ხალხის სახეა. ზარმაცი
ქართველი ხალხისა, რომლმაც თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნისა და საკუთარი
ცხოვრების “გარემონტებაში”, მაგრამ ისინი განზე დგანან და მხოლოდ შორიდან
აკვირდებიან იმ მოვლენებს, რომლებიც შემდეგ მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
სცენის სიღრმეში დგას ჩამონგრეული მიტოვებული ეკლესია, რომელშიც აღარავინ არ
მიდის სალოცავად. მიდიან მხოლოდ ერთმანეთის დასანახად. ეს ეკლესია სიმბოლოა
დაკარგული რწმენის, დავიწყებული ღმერთის, ადამიანთა სიყალბის და ფარისევლობის.
პელაგია, რომლის როლსაც ნანა ფაჩუაშვილი ბრწყინვალედ ასრულებს, ეკლესიიდან იღებს
სამკაულებსა და ფულს, რომლითაც უნდა მოისყიდოს მართა. ამ ფაქტით იქმნება
შთაბეჭდილება რომ ეკლესია ბიზნესად არის გადაქცეული. სპექტაკლის მიმდინარეობისას
გმირები სისტემატიურად იწერენ პირჯვარს, მაგრამ ისინი ამას აკეთებენ
მოსაჩვენებლად, ფარისევლურად. სცენის ერთ-ერთ კედელზე არის გახუნებული ფრესკა,
რომელიც ალბათ გამოხატავს დაკარგულ დიდებას, რწმენას, ღირსებას. ეს ფრესკა
თითქოს მხოლოდ ისტორიაა, სადაც მრავლადაა ქართველთა გმირობის და სიძლიერის
ფაქტები. ახლა კი ის ქცეულია მხოლოდ გაუფერულებულ მემკვიდრეობად და გახუნებულ
რეალობად. სცენაზე დგას ასევე გამხმარი ხე, რომელსაც მხოლოდ ერთი ვაშლიღა
შემორჩენია. უნაყოფო ხე სიმბოლოა უბედურების, უიმედობის, დეგრადაციის. ვაშლი კი
სიმბოლოა ცდუნების ან ცოდვის, ვაშლს სათითაოდ შეექცევიან პერსონაჟები, ყველა
მათგანი ცოდვილია, უფრო მეტიც, ისინი შესაძლოა სიამოვნებით სცოდავენ. სცენა კი
სადაც მართა ოსიკოს (დათო გოცირიძე) აჭმევს ვაშლს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ
იგი ცდილობს მის შეცდენას. მეტად საინტერესოა ოსიკოს გმირი, რომელიც დიდი
ალიაქოთითა და დაცვის თანხლებით ჩნდება სცენაზე. ოსიკო პირდაპირი სახეა უღირსი
უპატიოსნო პოლიტიკოსისა, ხელისუფალისა. იგი პატივმოყვარე, ფარისეველი
ძალაუფლების მოყვარული და ამპარტავანია. ოსიკოც ღვთისმოშიში კაცის როლს
თამაშობს, როცა პირჯვარს იწერს, მაგრამ ესაც სიყალბეა, რადგან ის ამას აკეთებს
იმიჯისათვის. ხალხს უნდა ეგონოს რომ მათი ბელადი მორწმუნეა, რადგანაც ეს მათთვის
აუცილებელი კრიტერიუმია. თუმცა ისეთივე მორწმუნე როგორებიც თავადვე არიან. მას
სურს რომ ყველა ემორჩილებოდეს და მის ირგვლივმყოფებიც სიამოვნებით აკეთებენ
ამას, რადგან სურთ მის გვერდით ადგილი დაიმკვიდრონ რათა ცხოვრება მოიწყონ,
თუნდაც თავის დამცირების ხარჯზე. სცენაზე არის ასევე კიბე, რომელზეც ხშირად
არბიან გმირები. ყოველი მათგანს სურს წარმატების მიღწევა, უკეთესად ცხოვრება,
პირველობა. კომპიუტერი და მანქანა კი არის ქართველებისათვის დამახასიათებელი
“კუდაბზიკობის” და მათი ტრაბახის მოყვარული ხასიათის მანიშნებელი. საინტერესოა
რომ სპექტაკლს ლაით-მოტივად გასდევს სიმღერა იმერეთზე, რომელიც მელანქოლიურ და
ტრაგიკულ ელფერს აძლევს მას. ესაც მანიშნებელია იმისა, რომ ოდესღაც ძლიერი და
დიდებული იმერეთისაგან (საქართველოსაგან) მხოლოდ აჩრდილიღა დარჩა. სპექტაკლის
ბოლოს ნატალია (ეკა მოლოდინაშვილი) და კაროჟნა (ქეთი ხიტირი)მიიწევენ სცენის
ზევით, რაც მიგვანიშნებს იმაზე რომ ჯერ ყველაფერი არ დაკარგულა, მომავალ თაობას
ჯერ კიდევ აქვს უკეთესი მომავლის შექმნის შანსი. საინტერესო და მეტად სევდიანია
სპექტაკლის ფინალში დარისპანის მიერ წარმოთქმული მონოლოგი, სადაც ჩანს დაღლილი
ქართველი კაცის ტრაგედია, მისი სატკივარი. დაქანცულობა ამდენი გაჭირვებისაგან,
მისი ძალაგამოცლილობა ამდენი მოგზაურობისაგან, უკეთესი მომავლის ძიებაში. მაგრამ
ის მაინც არ კარგავს იმედს, იმედს რომ უკეთესი მომავალი მაინც იქნება და
საქართველო კვლავ გაბრწყინდება.
|
0 коммент.:
Отправить комментарий